თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საინვესტიციო ბანკ „Natixis"-ის განვითარებადი ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, ვინსენტ კარისთან და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, მიჰაი მოსნიანუსთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ზოგადი მაკროეკონომიკური, ფისკალური პარამეტრები, ასევე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების საკითხები.
საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.
შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.
„Natixis" წამყვანი ფრანგული ფინანსური ინსტიტუტია და ოპერირებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო და კაპიტალის ბაზრების მომსახურების მიმართულებით.
