თბილისი (GBC) - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარედ, სოფელ ქვემო მაღაროსთან, 320 ჰა-ზე გაშენებული ნუშის ბაღი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ტექნოლოგიურად განვითარებული აგროპროექტია.  „მაღარო კაპიტალის" ₾21 მილიონიანი პროექტის  მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია.

თიბისისა და „მაღარო კაპიტალის“ პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო; სწორედ ამ დროს გადაწყდა თანამედროვე აგროპროექტზე მუშაობა საერთო მიზნით - ევროპული სტანდარტის ნუშის წარმოება საქართველოში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თიბისის დაფინანსებით, პირველი ბაღი 2023 წელს გაშენდა, სატესტო მოსავალი კომპანიამ 2025 წელს აიღო, მიმდინარე სეზონზე კი 550 ტონა გაუტეხავ ნუშს ელოდებიან.

ბაღი თავიდანვე ევროპული სტანდარტებით დაიგეგმა. პროექტში გამოყენებულია ესპანური, იტალიური, გერმანული და ისრაელური კომპანიების ტექნოლოგია და მასალები. პროცესში, ყველა ეტაპზე გამოცდილი ევროპული კომპანიები ჩაერთვნენ - მიწის შერჩევიდან დაწყებული, სარწყავი და ფერტიგაციის სისტემის დანერგვით დასრულებული. ბაღის გასაშენებლად ესპანური ნუშის ჯიშები შეირჩა, რაც მაღალი ხარისხის მოსავალს უზრუნველყოფს. თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ თანამედროვე ინფრასტრუქტურაც მოაწყო, მათ შორის: აშენდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 130,000 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარი. ასევე, მოეწყო ავტომატიზებული სარწყავი სისტემა და მეტეოროლოგიური სადგური, რომლებიც ინტეგრირებული ჭკვიანი სისტემების დახმარებით ბაღის მორწყვისა და ფერტიგაციის პროცესის დისტანციურ მართვას უზრუნველყოფენ. ეს მიდგომა წარმოების ეფექტიანობასა და სტაბილურ ხარისხს განაპირობებს.

პროექტი ადგილობრივ დასაქმებასაც უწყობს ხელს. “მაღარო კაპიტალში” მუდმივად 24 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად მომუშავეთა რიცხვი კი 60-ს უტოლდება.

კომპანიის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ექსპორტს უჭირავს. სამიზნე ბაზრებად განიხილება ევროპა, ცენტრალური და შუა აზია - რეგიონები, სადაც მოთხოვნა მაღალია, ხოლო წარმოება შედარებით შეზღუდული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი დამატებით ლოგისტიკურ უპირატესობას ქმნის, რაც ბოლო წლების სტატისტიკითაც დასტურდება. ბოლო ხუთ წელში საქართველოდან ექსპორტირებული ნუშის მოცულობა წლიურად საშუალოდ 17%-ით, ხოლო მიღებული შემოსავლები 35%-ით იზრდება.

საექსპორტო გეგმების მიღმა, „მაღარო კაპიტალი“ გაფართოებასაც აპირებს - კომპანია დამატებით 200 ჰა-ზე ახალი ბაღის გაშენებასა და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას განიხილავს.

ნუშის ბაღის პროექტი თიბისის გრძელვადიანი პარტნიორების - “ჯიდი ჯგუფისა“ და „ფერის“ - ერთობლივი ინიციატივაა. კომპანიები მრავალი წელია სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ, აგროსფეროთი კი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდნენ. ამ მიმართულებაშიც პარტნიორად თიბისი აირჩიეს, რომელიც 1.2-მილიარდიანი პორტფელისა და მრავალწლიანი გამოცდილების გარდა კლიენტებს მათზე მორგებულ მომსახურებასა და პროდუქტებს სთავაზობს.

მაღარო კაპიტალის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ: www.mcapital.ge

(R)