თბილისი (GBC) – სსფ–ის მისიის შემაჯამებელ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ სებ–ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადეს, რომ „საქართველოს განვითარების ბანკი“ არ იქნება კლასიკური გაგებით საბანკო ინსტიტუტი და შესაბამისად, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ვერ მოექცევა. ეს იქნება ერთგვარი მხარდაჭერის ინსტრუმენტი, ფონდის მსგავსი სტრუქტურა, რომლის პრაქტიკაც არის სხვა ქვეყნებშიც. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბანკის წოდება ამ ინსტრუმენტისთვის არასწორი დეფინიციაა. მისივე თქმით, ამ სტრუქტურის პრეზენტაციაზე გაირკვევა, თუ რა მანდატი ექნება ამ ფონდს და რა ფუნქციური დატვირთვა ექნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა აღნიშნულ ინსტიტუციასთან დაკავშირებით დღევანდელ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი ინსტიტუტი, ძალიან ცუდი მაგალითებიც არსებობს მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გაკეთდეს, თუ გაკეთდება. ლოგიკა უნდა არსებობდეს განვითარების ინსტიტუტის არსებობაში - ამ ბანკის გამჭვირვალობა იქნება მნიშვნელოვანი“.

განვითარების ბანკი წარმოადგენს სახელმწიფო ან სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილ საფინანსო ინსტიტუტს, რომლის მიზანია გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსის მიწოდება სტრატეგიული სექტორებისთვის — ინფრასტრუქტურა, მრეწველობა, ექსპორტი, ენერგეტიკა, აგრობიზნესი და მცირე და საშუალო ბიზნესი.

მსოფლიო პრაქტიკაში მსგავსი ინსტიტუტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში. მაგალითისთვის, გერმანიაში ფუნქციონირებს KfW, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტრუმენტი გახდა. ბრაზილიაში მოქმედებს BNDES, რომელიც მრეწველობისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში წამყვან როლს ასრულებს.

საქართველოში განვითარების ბანკის შექმნის იდეა წლების განმავლობაში პერიოდულად განიხილებოდა ეკონომიკური პოლიტიკის დონეზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა კერძო საბანკო სექტორი გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი რესურსის დეფიციტზე საუბრობდა. საკითხი აქტიურდება ეკონომიკური შენელების, რეგიონული გამოწვევების ან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საჭიროების პერიოდში.

ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს:

  • გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას
  • ექსპორტის ზრდას
  • ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას
  • სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას

მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ რისკებზე, მათ შორის — პოლიტიზაციის, არაეფექტიანი მენეჯმენტის და სახელმწიფო ვალის ზრდის შესაძლებლობაზე. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინსტიტუტის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია გამჭვირვალე მართვაზე, მკაფიო მანდატზე და ძლიერი ზედამხედველობის მექანიზმებზე.