თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობდა, 2026 წლის Article IV კონსულტაციის ფარგლებში საქართველოსთან დისკუსიებს მართავდა 2026 წლის 25 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში, რომლის დასრულების შემდგომაც შემაჯამებელი განცხადება გააკეთა.
IMF-ის განცხადებით, ინფლაციური წნეხი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია კვლავ დაბალია. 2025 წლის ბოლოს ინფლაცია 4% იყო, ხოლო 2026 წლის მარტში 4.3%-ს მიაღწია, რაც ასახავს იმპორტირებული საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასების ზრდას, ნაწილობრივ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო. ამავე დროს, საბაზო ინფლაცია კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა რჩება.
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2026 წლის პირველ ნახევარში კვლავ მაღალი იქნება, რაც გამოწვეული იქნება საწვავისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდით, ხოლო 2027 წლის შუა პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, რადგან საკვები პროდუქტებისა და ენერგიის ფასების ერთჯერადი ზრდის ეფექტები განეიტრალდება, მოთხოვნა ზომიერად შემცირდება და წარმოების გაპი დაიხურება.
IMF-ის რეკომენდაციის შესაბამისად, მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა უნდა დარჩეს ორიენტირებული იმაზე, რომ ინფლაცია მდგრადად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკა ითვალისწინებს მიწოდების მხარის დროებით შოკებს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად მიანიშნა მზადყოფნაზე, გაამკაცროს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციური წნეხი გაგრძელდება, გაჩნდება მეორე რაუნდის ეფექტები ან ინფლაციური მოლოდინები გახდება ფიქსირებული“.
სავალუტო ფონდი ინტერვენციებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის მოქნილობა უნდა შენარჩუნდეს და სავალუტო ინტერვენციები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ზედმეტი ვოლატილობის ეპიზოდების შემსუბუქებით. ამასთან, მათივე თქმით, შესაძლებლობის შემთხვევაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს პრევენციულ ბუფერებს საქართველოს მაღალი დოლარიზაციის პირობებში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის რეფორმის წინსვლა კვლავ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური გარანტიების გასაძლიერებლად. საფინანსო ინსტიტუტის თქმით, IMF-ის 2022 წლის უსაფრთხოების შეფასების რეკომენდაციების უმეტესობა უკვე განხორციელებულია, მათ შორის მთავრობისთვის დისკრეციული გადარიცხვების შესაძლებლობის გაუქმება, ხოლო IMF-ის ტექნიკურმა დახმარებამ ხელი შეუწყო შემდგომ პროგრესს.
„უკვე გადაიდგა ნაბიჯები, მათ შორის აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მემკვიდრეობის სისტემის გაძლიერება, რაც დადებითად ფასდება. ხელისუფლება ასევე გეგმავს კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებისა და საბჭოს წევრების კვალიფიკაციის მოთხოვნების რეფორმებს. საბჭოს ზედამხედველობის მექანიზმების შემდგომი გაძლიერება მნიშვნელოვანია, რათა ეროვნული ბანკის მმართველობის ჩარჩო სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას“, - აცხადებს სავალუტო ფონდი.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკა, ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დროს, 2024 წლის მაისში განისაზღვრა 8%-ზე და მას შემდგომ, მოქმედი პრეზიდენტის, ნათია თურნავას მმართველობისას, კომიტეტს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.