თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. სებში განმარტავენ, რომ 2026 წლის იანვრის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. 

სების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.4% შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წილი კვლავ ბიზნეს სესხებმა შეიტანა.

4Q25-ის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, რის შედეგადაც ფარდობის გაპი კვლავ უარყოფითია. 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი, თუმცა სების კომიტეტის შეფასებით, აღნიშნული ფარდობა ეტაპობრივად დაუახლოვდება მის გრძელვადიან დონეს.

ამდენად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.