თბილისი (GBC) – ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ შედგენილი უმსხვილესი არქივი, მისი გასაჯაროების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებიდან ერთ დღეში გაანადგურეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

დაუდგენელმა პირებმა 20 თებერვალს ასობით გიგაბაიტის მოცულობის ფაილები წაშალეს საიტიდან The Black Vault – ეს არის ონლაინ არქივი, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ავსებს მასალებით მკვლევარი ჯონ გრინუოლდ–უმცროსი. ამ ხნის განმავლობაში მან აშშ–ის ხელისუფლებას 11 ათასჯერ მიმართა ინფორმაციის გამოთხოვით და 3,8 მილიონი დოკუმენტი შეაგროვა.

გრინუოლდმა განაცხადა, რომ მომხდარი ცალსახად დივერსიად არ მიაჩნია, თუმცა ვერც გამორიცხავს. მისი თქმით, დოკუმენტების გაქრობის გარდა, გარკვეულ დირექტორიებზე წვდომის უფლებებიც შეიზღუდა. მან ასევე განაცხადა, რომ არქივს სარეზერვო ასლებით აღადგენს.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონის შეფს პიტ ჰეგსეტს დაავალა მთავრობის დოკუმენტების გასაჯაროება, რომლებშიც არამიწიერი ცხოვრების და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არის ინფორმაცია. მისივე თქმით, გასაჯაროვდება სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც სხვა მონაცემებს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს შეეხება.