თბილისი (GBC) - Reuters–ის ცნობით, ოთხშაბათს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ ათწლეულის ბოლოსთვის გეგმავს 50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას, რათა ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავრცელებას „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში.
განცხადება გაკეთდა ნიუ-დელიში მიმდინარე AI სამიტზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი გლობალური კომპანიების ხელმძღვანელები ამ კვირაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ხვდებიან. ტერმინი „გლობალური სამხრეთი“ გულისხმობს განვითარებად ან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობენ.
გასულ წელს Microsoft-მა ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით 17.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია დააანონსა. ამით ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კიდევ უფრო გაამყარა თავისი პოზიციები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ციფრულ ბაზარზე.