თბილისი (GBC) – პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოთხშაბათს, პარლამენტში გამოსვლისას მიგრაციულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები უცხოელების მაქსიმალური რაოდენობა 257 000-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, ამ რიცხვში შედის ყველა პირი, მათ შორის არალეგალი მიგრანტებიც, ხოლო უფრო დაზუსტებული სტატისტიკა 25 ივნისს გამოქვეყნდება.
კობახიძის განმარტებით, საზღვრის კვეთის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მყოფ უცხოელთა 70%-ზე მეტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ის ან ისრაელის მოქალაქეები არიან, ხოლო დანარჩენ ქვეყნებზე მიგრანტების დაახლოებით 30% მოდის.
რაც შეეხება უშუალოდ ბინადრობის ნებართვებს, ის ამჟამად გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე. მონაცემები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
- რუსეთის ფედერაცია: ბინადრობის ნებართვა აქვს 32 129 პირს (29,9%). პრემიერმა დააზუსტა, რომ მათი დაახლოებით 30% რეალურად ქართული გვარის მქონე პირები და საქართველოს ყოფილი მოქალაქეები არიან.
- ინდოეთი: 23 930 პირი. მათი უდიდესი უმრავლესობა სტუდენტია.
- აზერბაიჯანი: ბინადრობის ნებართვების 6,3%. ძირითადად საქართველოდან გასული და მოგვიანებით დაბრუნებული ეთნიკური აზერბაიჯანელები.
- უკრაინა: ბინადრობის ნებართვა აქვს 6 290 ადამიანს (5,9%). თუმცა, დამატებით 25 000 უკრაინელი საქართველოში ლტოლვილის სტატუსით, ბინადრობის ნებართვის გარეშე ცხოვრობს. ჯამში უკრაინელების რაოდენობა 30 000-მდეა.
- სომხეთი: 5 000-ზე მეტი ადამიანი (4,8%). სავარაუდოდ, საქართველოდან გასული და შემდეგ სომხეთის მოქალაქეობით დაბრუნებული პირები.
- ბელარუსი: 3 738 პირი.
- თურქეთი: 3 645 პირი (3,4%).
- ირანი: 3 331 პირი (3,1%).
- სუდანი: ბინადრობის ნებართვების 2%. ძირითადად სამედიცინო მიმართულების სტუდენტები.
- ჩინეთი: 2 000-ზე მეტი პირი (1,9%). ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული სამუშაო ძალა.
- იორდანია: 2 000-ზე მეტი პირი (1,9%). ძირითადად სამედიცინო მიმართულების სტუდენტები.
- პაკისტანი: 1 618 პირი (1,5%). ასევე სამედიცინო მიმართულების სტუდენტები.
- ეგვიპტე: 1 341 პირი (1,2%). თითქმის ყველა მათგანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
- აშშ: 1 000 პირზე მეტი (1%).
კობახიძის დასკვნით, ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლები იძლევა ნათელ სურათს საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლებისა და მათი წარმომავლობის შესახებ.