თბილისი (GBC) - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის განხილვისას, ოთხშაბათს, ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ქვეყანაში არსებული ვითარება მკაცრად შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელ რასა იუკნევიჩიანეს გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა „დემოკრატიული უკუსვლის“ კლასიკური მაგალითია.

კრემერის განცხადებით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად უთხრის ძირს საკუთარი მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყანას რუსეთის ორბიტისკენ მიაქანებს. მისი თქმით, ეს სტრატეგია გეოპოლიტიკურად არ არის შორსმჭვრეტელი, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი - დამღუპველია, რადგან მათ თავისუფლად პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა ერთმევათ.

ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებულ მეთოდებზეც. მან აღნიშნა, რომ თუ BBC-ის ანგარიში დადასტურდება, „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენება სრულიად მიუღებელი ფაქტია. კრემერის შეფასებით, ევროკომისიის დასკვნა სავსებით სამართლიანია, როდესაც საქართველოს ანგარიშს კანდიდატი ქვეყნების ისტორიაში ყველაზე ცუდს უწოდებს.

„მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტმა ნათელი პოზიცია დაიკავოს. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს: უნდათ ევროპა? მაშინ უნდა შეიცვალონ. უნდათ რუსეთის ორბიტაზე ყოფნა? მაშინ ამბიციებზე უარი უნდა თქვან და ხალხთან გულწრფელები იყვნენ, რადგან მათ ტყუილში ცხოვრება აგრძელებენ“, - განაცხადა ტობიას კრემერმა.

გამოსვლის დასასრულს მან ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის სიმამაცეს და მაგალითად „სახაროვის ჯილდოს“ მფლობელი მზია ამაღლობელი და ის მოქალაქეები მოიყვანა, რომლებიც საფრთხის მიუხედავად ქუჩაში გამოდიან. კრემერმა დაადასტურა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს მუშაობას ისეთ სანქციებზე, რომლებიც მიმართული იქნება უშუალოდ მთავრობის წინააღმდეგ და არ დააზიანებს საქართველოს მოსახლეობას.

„ჩვენი პოზიცია ცხადია: საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ არა „ქართული ოცნების“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტში გამართულ დებატებს საფუძვლად დაედო მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელშიც საქართველოს მდგომარეობა „გაფართოების ისტორიაში ყველაზე ცუდად“ არის შეფასებული. იუკნევიჩიენეს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული გზა საპირისპირო მიმართულებით შეცვალა და დაარღვია კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრავე პრიორიტეტი.

ანგარიშის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად „მხოლოდ სახელით“ რჩება, რის გამოც დღის წესრიგში დგება მიზნობრივი სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.