თბილისი (GBC) – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ევროკომისიის ბოლო ანგარიშს ოთხშაბათს X-ზე ეხმაურება. ევროპარლამენტარი ქვეყნის „დრამატულ დემოკრატიულ უკუსვლაზე“ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

მაკალისტერის შეფასებით, საქართველომ ევროკომისიისგან უპრეცედენტოდ მძიმე განაჩენი მიიღო. მისი თქმით, 2025 წლის ანგარიში არის „ყველაზე ცუდი, რაც კი ოდესმე კანდიდატ ქვეყანაზე გაკეთებულა“, რის გამოც საქართველოს სტატუსი ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

საქართველო კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ „სახელით“ განიხილება. ბევრი მიზეზია ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ საქართველოს უარყოფითი ტრაექტორიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტიაზეა“, - წერს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

დევიდ მაკალისტერმა ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის ურყევ პოზიციას ქართველი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ ინსტიტუტი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სოლიდარობასა და მათი ლეგიტიმური ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში წარდგენილი 2025 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დოკუმენტად ფასდება გაფართოების ისტორიაში. მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული გზა საპირისპირო მიმართულებით შეცვალა, რის გამოც დღის წესრიგში დგება მიზნობრივი სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ.

ევროპარლამენტარები აფრთხილებენ მმართველ გუნდს, რომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვამ და სამოქალაქო საზოგადოებაზე რეპრესიებმა, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს.

პარალელურად, ევროპარლამენტში ხაზს უსვამენ გეოპოლიტიკურ კონტექსტსაც: ბერნარდ გეტას შეფასებით, საქართველოს ევროპული მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული უკრაინის გამარჯვებასთან, ხოლო ნაჩო სანჩეს ამორი ოპოზიციურ ძალებს საერთო პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. განხილვებისას ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახაროვის პრემიის ლაურეატის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს.