თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველო საბანკო რისკების მიხედვით რეგიონის ლიდერებს შორის დაასახელა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა ყაზახეთთან ერთად საუკეთესო, მე-7 ჯგუფში პოზიციონირებს.

დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევს ინსტიტუციურ ჩარჩოს საქართველოში და აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში.

პუბლიკაციის მიხედვით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მხრივ ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ამასთან საკრედიტო რისკის ხარჯიც მინიმალურია, რასაც პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოსთან ერთად სების, როგორც მარეგულირებლის, ეფექტიანი მუშაობაც განაპირობებს.

ასევე, ანალიტიკოსები მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მმართველობა გაძლიერებას განაგრძობს.

სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.