თბილისი (GBC) - „უზბეკეთში TBC Bank Group-ის (TBC PLC) საკრედიტო პორტფელის ზრდა თანდათან აღდგება“ - TBC Bank Group PLC-ის CEO-ის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, 2026 წლის მესამე კვარტალში ჯგუფის სესხების პორტფელი კვარტალურ ჭრილში 3%-ით გაიზარდა, ხოლო არამყისიერი საკრედიტო სესხების მოცულობამ 13%-ით მოიმატა.
მისივე განმარტებით, საკრედიტო პორტფელის ზრდისა და დეპოზიტების ღირებულების აქტიური მართვის შედეგად, უზბეკეთში ჯგუფის წმინდა საპროცენტო მარჟა (NIM) მესამე კვარტალში აღდგა და 20%-ს გადააჭარბა.
ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ჯგუფი აქტიურად აგრძელებს აქტივების ხარისხის მართვას და ემზადება სესხის დავალიანების ავტომატური ამოღების მექანიზმთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებისთვის, რომლებიც 2027 წლის დასაწყისში უნდა შევიდეს ძალაში.
პარალელურად, TBC უზბეკეთში ახალი პროდუქტების განვითარებასა და მომხმარებლების ბიზნესებთან დაკავშირებას აგრძელებს. მათ შორისაა სხვადასხვა ეკოსისტემის დამაკავშირებელი ლოიალობის პროგრამა Novvot.
უზბეკეთის ცენტრალური ბანკის ახალი რეგულაციის თანახმად, 2027 წლის 10 იანვრიდან ბანკებს სესხის ან თავდებობის ვალდებულებების დასაფარად მომხმარებლის საბანკო ბარათებიდან მისი დამატებითი თანხმობის გარეშე თანხის ჩამოჭრისას გარკვეული მინიმალური ნაშთის შენარჩუნება მოუწევთ. კერძოდ, მომხმარებლის ყველა საბანკო ბარათზე ჯამურად უნდა დარჩეს შრომის მინიმალური ანაზღაურების არანაკლებ 50%-ის ოდენობის თანხა. ამჟამინდელი მაჩვენებლით, ეს თანხა 680,000 უზბეკურ სუმს შეადგენს. რეგულაციის მიზანია, ავტომატური ჩამოჭრის შედეგად მომხმარებელი ყოველდღიური აუცილებელი საჭიროებებისთვის საჭირო მინიმალური ფინანსური რესურსის გარეშე არ დარჩეს.
ცენტრალური ბანკის ახალი რეგულაციის თავდაპირველ განმარტებაში პირდაპირ არის მითითებული გამონაკლისებიც. 680,000 სუმის დაცვის მოთხოვნა არ ვრცელდება ბარათებზე, რომელთა სავალდებულო რეკვიზიტებიც მითითებულია საკრედიტო ან თავდებობის ხელშეკრულებაში და ბარათებზე, რომლებიც დავალიანების დასაფარად ბანკის მობილურ აპლიკაციას უკავშირდება.
აქამდე უზბეკეთში სესხის დასაფარად მომხმარებლის საბანკო ბარათიდან თანხის ავტომატურად, დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრა შესაძლებელი იყო, თუ ეს შესაბამისი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
თუმცა, გარკვეული შეზღუდვა უკვე არსებობდა უზბეკური საგადახდო სისტემის UZCARD-ის მიერ - 2026 წლის 15 აპრილიდან UZCARD-ის სისტემაში ავტომატური, უაქცეპტო ჩამოჭრისას ბარათზე მინიმუმ 3 საბაზო საანგარიშო ერთეულის (БРВ - საბაზისო საანგარიშო სიდიდეს, რაც უზბეკეთში კანონით განსაზღვრული საანგარიშო ერთეულია, რომლითაც გამოითვლება სხვადასხვა მოსაკრებელი, ჯარიმა და ფინანსური ვალდებულება) ოდენობის თანხა ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო. იმ დროისთვის ეს 1.32 მილიონ სუმს შეადგენდა. თუმცა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა იმ ბარათებზე, რომელთა რეკვიზიტებიც მომხმარებელმა თავად მიაწოდა ბანკს და OTP კოდით დაადასტურა, ან რომლებიც ბანკის აპლიკაციაში ჰქონდა მიბმული დავალიანების დასაფარად.
