თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფინტექის განვითარების სტრატეგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამოსულ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივან რობერტ ბრეგისთან შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივანს და დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებული ფინტექ ეკოსისტემა, არსებული მიღწევები და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

თავის მხრივ, ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ფინანსურ სერვისებსა და ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებზე, რაც მათ ქალაქში ხორციელდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელი პიეტრო პორეტი და ვიცე-პრეზიდენტი გლობალური გაფართოების მიმართულებით მარკო დალ ლაგო.

ლუგანო შვეიცარიის იტალიურენოვან რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ფინტექისა და ზოგადად, ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მის მიმართ ინტერესი მომდინარეობს ლუგანოს საკუთარი მუნიციპალური ვალუტის (სთეიბლ ქოინი) გამოშვების და ფინანსურ ტექნოლოგიებთან მეგობრული გარემოს შექმნით. ასევე, ტოკენიზებული მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ინიციატივების მიზანია მუნიციპალიტეტის ბლოქჩეინ და ფინტექ ჰაბად განვითარება.