თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.9%-იანი მატება.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აპრილთან შედარებით ფასები 1.9%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.12 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.5%), რამაც -0.37 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-2.6%). გარდა ამისა, ფასების 2.2%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.23 პ.პ. შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.84 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (18.1%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.62 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.9%) და სასმელებზე (4.6%); 
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 13.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.39 პ.პ.-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 0.4%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.01 პ.პ.-ით იქონია გავლენა.