თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს $1.68 მლრდ შეადგინა, რაც 7.6%-ით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ $601.8 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8%-ით მეტია და $1.39 მლრდ-ს შეადგენს.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 40.8% შეადგინა.
პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 19.8%-ით, მეორეზე - თურქეთი 10.7%-ით, ხოლო მესამეზე - მალტა 10.3%-ით.
საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2025 წელს 56.8% შეადგინა.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $607 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი $185.7 მლნ-ით (11%), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი $166.1 მლნ-ით (9.8%).
2025 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 17 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება.