თბილისი (GBC) - პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სადაც ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულისთვის ზიანის ანაზღაურებამდე ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა 16 წლით განისაზღვრა.

პროექტი მესამე მოსმენისთვის კვლავ ჩასწორდა და საბოლოოდ მიღებული ვერსია ასეთია:

ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში

ცვლილება ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობილი პირის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

მუხლების ჩამონათვალს მესამე მოსმენისთვის დაემატა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებიც:

  • თაღლითობა – დიდი ოდენობით
  • გამოძალვა – დიდი ოდენობით
  • მითვისება ან გაფლანგვა – დიდი ოდენობით
  • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – დიდი ოდენობით
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება, თუ ზიანი აღემატება 10 ათას ლარს
  • ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, თუ ზიანი აღემატება 10 ათას ლარს
  • ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით – დიდი ოდენობით
  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
  • გულგრილობა
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით – რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია

სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი გახდება მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადება.

ჯარიმით ან სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება, თუ ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებში მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის არ აუნაზღაურებია ზიანი და მიიღო ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებელი [2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს თანხა 520 ლარია].

გამონაკლისი იქნება ეროვნული ბანკის დაქვემდებარებულ ბანკში ელექტრონული ფორმით ფულის მიღება ან მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებული მანქანა და უძრავი ქონება. ეს თანხა და ქონება აღსრულებაში მიექცევა.

ჯარიმით ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ზემოჩამოთვლილ დანაშაულში მსჯავრდებულისთვის საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის ერთი თვის განმავლობაში გადაცემა.

აგრეთვე ისეთი უძრავი ქონების ან ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით გადაცემა, რომლის სარგებლობისთვის საფასურის საბაზრო ღირებულება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას აღემატება.

აქაც გამონაკლისი იქნება თანხის ბანკში ჩარიცხვა და უძრავი ქონების (მანქანა, სახლი…) საკუთრებაში გადაცემა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება

საპროცესო კოდექსში ცვლილების მიხედვით, ზემოჩამოთვლილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურება.

კოდექსს ემატება ახალი თავი – დაზარალებულის კომპენსაცია.

დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის საფუძველი იქნება, თუ მსჯავრდებული დამნაშავედაა ცნობილი ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებში და თუ დაზარალებული უარს არ აცხადებს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე.

გამამტყუნებელი განაჩენით კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრებათ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს:

ზიანის ასანაზღაურებლად მიექცევა შემდეგი ქონება:

  • მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებული ქონება
  • თუ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხით აქვს გადაცემული სხვა პირებისთვის ქონება
  • ახლო ნათესავების ის ქონება, რომლის მიღებასთან დაკავშირებით პირი დამნაშავედაა ცნობილი ფულის გათეთრებისთვის
  • მსჯავრდებულისა და ახლო ნათესავისთვის ან სხვა პირისთვის გადაცემული ქონება, მათ შორის, წარსულში, რომელთან დაკავშირებითაც პირი მსჯავრებული იქნება ფულის გათეთრებისთვის
  • თუ პირები მსჯავრდებულს გადასცემენ სარგებლობაში უძრავ ან მოძრავ ქონებას, რომელიც საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი ღირებულების იქნება

კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები იქნება ა) ყადაღა;  ბ) მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა.

  • საქართველოდან გასვლის აკრძალვის საფუძველი იქნება ერთდროულად შემდეგი საფუძვლები: ზემოთ ჩამოთვლილ მუხლებში გამამტყუნებელი განაჩენი
  • თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან სტატუსი აქვს და ასევე თუ დაზარალებული უარს არ აცხადებს მისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაზე
  • მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება 16 წლის ვადით

მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა გამოიანგარიშება:

  • სასჯელის სახით შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემთხვევაში − მისი მოხდის მომენტიდან
  • პირობითი მსჯავრის გამოყენების ან არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების შემთხვევაში − განაჩენის გამოტანის მომენტიდან
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მოსახდელი სასჯელის მოხდის მომენტიდან
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე ან 73-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მომენტიდან

„მთავარი არის არა დანაშაულის კატეგორიები და ამ კატეგორიიდან გამომდინარე ნასამართლეობის ვადები, არამედ მთავარია, რა ზიანი მიაყენა კონკრეტულმა დამნაშავემ კონკრეტულ დაზარალებულს, შესაბამისად, შესაძლებელია, დანაშაულის კატეგორია იყოს მსუბუქი და ზიანი იყოს დიდი“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.

საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების მონიტორინგი პრობაციის სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობით მოხდება.

მსჯავრდებულს ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა გაუუქმდება, თუ გადაიხდის კომპენსაციას ან დაზარალებული უარს იტყვის კომპენსაციის მიღებაზე;

არჩილ გორდულაძემ ისიც თქვა, რომ "თუ ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილია დანაშაული, მაგრამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გამოძიება დაწყებული არაა, მსჯავრდებულებს დაეკისრებათ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ასევე შეეფარდებათ გადახდის უზრუნველყოფის ღოსნიძიება – ქონებიდან ანაზღაურებაც და საზღვრის დატოვების აკრძალვაც".

გორდულაძემ აქვე დასძინა, რომ თუ გამოძიება დაწყებულია ან საქმე სასამართლოს პირველ ან მეორე ინსტანციაშია, გამოიყენება მხოლოდ საზღვრის კვეთის აკრძალვა, ხოლო თუ საქმე კასაციაშია, არც ერთი ღონისძიება არ გამოიყენება.