თბილისი (GBC) - „ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ასევე, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მესამედ წარვდგე თბილისელების წინაშე და ვისაუბრო სამომავლო გეგმებზე, იმ პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეაბილიტირებული გზები, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი კომუნიკაციები კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, ბიზნესის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან.
„ინფრასტრუქტურა იქმნება არა მხოლოდ ქუჩებისთვის ან შენობებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის... მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ვარ არა მხოლოდ მოწმე, ან მონაწილე, არამედ გადაწყვეტილებების მიმღები იმ ცვლილებების, რაც ბოლო წლებში განიცადა ჩვენმა ქალაქმა. მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი დედაქალაქი უკეთესობისკენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში განსაკუთრებული ადგილი უკავია გზების მოწესრიგებას, რეაბილიტაციასა და განახლებას.
კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლებში კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქის ისტორიული არეალების შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებას.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც.
კახა კალაძემ აქვე, საკუთარ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებას კურირებს, მადლობა გადაუხადა. მერმა მადლობა გადაუხადა ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რებაილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის", ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.