თბილისი (GBC) - ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერას“ (Frontera) დამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონს დაუკავშირდა და საქართველოს საინვესტიციო გარემოსა თუ „შუა დერეფნის“ როლის განხილვის მიზნით შეხვედრა შესთავაზა.
ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ამერიკული გამოცემა The Hill-ის ჟურნალისტის ლორა კელის მიერ X-ზე გამოქვეყნებული მასალიდან.
GOP donor Steve Nicandros is back in Washington advocating improved U.S.-Georgian Dream relations, reaching out to @RepJoeWilson who is leader of holding GD accountable for election fraud, support for Iran and repression of Georgian people
— Laura Kelly (@HelloLauraKelly) June 8, 2026
Background: https://t.co/tnfwGXrtSb pic.twitter.com/tHW6Z7qX4K
ჟურნალისტმა, რომელიც წარსულში ნიკანდროსის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ წარმოებულ ლობისტურ საქმიანობაზე წერდა, 2026 წლის 8 ივნისით დათარიღებული ოფიციალური წერილი გაასაჯაროვა, სადაც ბიზნესმენი კონგრესმენს პირადად მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსია და ვაშინგტონში მომზადებული „MEGOBARI აქტის“ თანაავტორს წარმოადგენს.
სტივ ნიკანდროსი წერილში ხაზს უსვამს, რომ 1997 წლიდან დღემდე მის კომპანიას ქვეყნის ნავთობისა და გაზის სექტორში $500 მლნ-ზე მეტი აქვს ინვესტირებული. ბიზნესმენი წერილში პირდაპირ არ ახსენებს „ფრონტერას“ და საკუთარ თავს TXN Energy-ის ხელმძღვანელად წარადგენს. იგი აღნიშნავს, რომ პატივისცემით არ ეთანხმება კონგრესმენის ბოლოდროინდელ მკაცრ პოზიციას საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, თუმცა სურს მას კერძო სექტორის „უნიკალური პერსპექტივა“ გაუზიაროს.
ნიკანდროსის შეფასებით, ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესების მცდელობები და მკაცრი საჯარო გზავნილები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს. ამავე პოზიციით მან მიმდინარე წლის იანვარში წარმომადგენელთა პალატის სხვა რესპუბლიკელ წევრებსაც მიმართა და „MEGOBARI აქტის“ წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის კონგრესმენ უილსონს აღნიშნულ მიმართვაზე საჯარო პასუხი არ გაუცია.
„ფრონტერასა“ და საქართველოს მთავრობას შორის მრავალწლიანი და მილიონობით დოლარის ღირებულების საარბიტრაჟო დავა 2020 წელს დასრულდა.
თბილისი თავდაპირველად კონტრაქტის შეწყვეტას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალა და მოლაპარაკებები გააგრძელა.
ამჟამად ამერიკულ კომპანიას საქართველოს ბიუჯეტის წინაშე ₾15.4 მლნ-ის დავალიანება ერიცხება, რასაც სახელმწიფო კორპორაცია „ამოუღებელ“ თანხად მიიჩნევს.