თბილისი (GBC) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის აქტიურ გადამოწმებას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარასკევს, ბრიფინგზე განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პროცესის მთავარი მიზანია, სახელმწიფო დახმარება მხოლოდ იმ პირებმა მიიღონ, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბაზაში არსებულ სტატისტიკასა და იმ „ანომალიურ შემთხვევებზე“, რომლებიც გადამოწმების პროცესის შეფერხებამ გამოიწვია. სარჯველაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი, რის გამოც ოჯახების ინსპექტირება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. შედეგად, ბაზაში დღემდე რჩებიან ადამიანები, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

„ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო 3 თვეში მიღებული აქვს რამდენიმე ათეული ათასი ლარის შემოსავალი. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ოჯახს ერთი წლის განმავლობაში შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული ავტომანქანები, მათ შორის 2024 წელს გამოშვებული მოდელები. ფაქტია, სოციალურად დაუცველთა ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში ჰქონდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის სოციალურად დაუცველთა ბაზაში 185 ათასზე მეტი ოჯახი (დაახლოებით 710 ათასი ადამიანი) ფიქსირდება. მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ შემწეობის მისაღები ქულა ორჯერ გაიზარდა, რაც უფრო მეტი ოჯახის დახმარებას ისახავდა მიზნად, თუმცა ამავდროულად, აღნიშნული თემა არაერთხელ გამხდარა „არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების“ საგანი ოპოზიციის მხრიდან. სარჯველაძის განმარტებით, ქულა რომ არ გაზრდილიყო, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დღეს 120 ათასი იქნებოდა.

გადამოწმების პროცესს სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაზიდან პირთა ამოღება ავტომატურად მათ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ნიშნავს, თუმცა სიყალბის გამოვლენის შემთხვევაში, რეაგირება მკაცრი იქნება.

„ეს პროცესი იქნება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. შევეცდებით, არცერთი სამართალდარღვევა, თუკი ასეთი გამოვლინდება, არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე. ჩვენი ამოცანაა, წერტილი დაესვას მანიპულაციებს და სახელმწიფო რესურსი მიიმართოს მათკენ, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობა მართლაც აქვს“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, უწყება გეგმავს მონაცემთა ბაზა მაქსიმალურად დააახლოოს რეალურ სურათს, რათა გამოირიცხოს შეძლებელი ოჯახების მხრიდან სოციალური პაკეტებით სარგებლობის შემთხვევები.