თბილისი (GBC) – „რუსეთის საგარეო საქმეთა საბჭოს“ ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ სატრანზიტო პოტენციალის შესწავლას სთავაზობენ, რითაც უნდა უპასუხონ სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი აშშ–ის მზარდ ყურადღებას „ტრამპის მარშრუტის“ კონტექსტში.
კერძოდ, ანალიტიკოსები რუსეთის ხელისუფლებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით საერთაშორისო სატრანსპორტო მაგისტრალის „ჩრდილოეთი–სამხრეთი“ ფარგლებში რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობის შესაძლებლობის განხილვას სთავაზობენ, რითაც რუსეთის სრულ კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო კვანძი შეიქმნება.
„რუსეთის საგარეო საქმეთა საბჭოს“ ანალიტიკოსები სცენარების სახით ხელისუფლებას სთავაზობენ რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ან „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის შენარჩუნებას ურჩევენ, როგორც საერთაშორისო საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიის, რასაც 2011 წელსაც განიხილავდნენ.
კრემლის ანალიტიკოსების იდეის თანახმად, ახალმა მაგისტრალმა რაჭის ტერიტორიაც, კერძოდ სოფელი გლოლა და ონი უნდა გაიაროს, შემდეგ ქვაისაში ჩავიდეთ, ცხინვალის და თბილისის გავლით სადახლომდე, შემდეგ სომხეთში და აქედან კი ირანში უნდა გაგრძელდეს.
რუსმა ანალიტიკოსებმა კრემლისთვის სასურველი სატრანზიტო მაგისტრალის რუკაც კი შეადგინეს:
