თბილისი (GBC) - თბილისის მერმა კახა კალაძემ ორშაბათს, „ქართული ოცნების“ შემომწირველების ტენდერებში გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ქვეყანაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლების 99% არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი". კალაძის განმარტებით, არ არის გასაკვირი, რომ დღეს ბიზნესი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებს.

„დღეს ქვეყანაში ზოგადად ბიზნესი თავისუფალია, ეს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას ეხება. ბიზნესი, რომელიც სააკაშვილს ჯიბეში ედო და უდიდესი ტერორის ქვეშ იყო, დღეს არის სრულად თავისუფალი. ის, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მივდივართ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში ბიზნესს", - აღნიშნავს კახა კალაძე. 

დედაქალაქის მერის თქმით, ამ ამბავში საერთოდ არაფერია "გასაკვირი".

"ნახეთ როგორ ხდება აშშ-ში, ჩვეულებრივი პროცესია. იგივე პროცესია, კონკურენცია. ვინც საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, გამარჯვებული არის ის. ქვეყანაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლების 99% არის ქართული ოცნების“ შემომწირველი. ეს შემთხვევითი კი არ არის? უნდა გაიაზროთ, გააანალიზოთ რატომ? პასუხი არის მარტივი, როდესაც თქვენ ხელისუფლებაში იყავით, გეტყვით როგორ იყო, თუ გაიაზრებ ამას და მიხვდები“, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

თავის მხრივ, ჟურნალისტმა თბილისის მერს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში თავად იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, რაზეც თბილისის მერმა ასე უპასუხა: „მე მხარდამჭერი ვიყავი და ასევე, ვაკრიტიკებდი იმაზეც, რაც არ მომწონდა. ამაზე ღიად ვსაუბრობდი".

კალაძის მტკიცებით, ის აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანია და არც არასდროს ყოფილა ვინმეზე დამოკიდებული.

"არავისზე დამოკიდებული ადამიანი არასდროს ვყოფილვარ, ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა და არ მიჭირდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, კარგი რაც კეთდებოდა და ცუდი. ბიზნესი ჯიბეში ედო სააკაშვილს, ღამის 03:00 საათზე აპატიმრებდნენ ბიზნესმენებს, ან ვინც დაჭერილი ჰყავდათ, გამოჰყავდათ და ნოტარიუსები შეჰყავდათ, ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ართმევდნენ. დღეს ბიზნესი არის სრულიად თავისუფალი. ნუ გიკვირთ, რომ ისინი [ბიზნესმენები] მხარს უჭერენ იმ პოლიტიკას, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებს", - დასძინა კალაძემ.