თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $20.83 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $5.8 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 6.8%-ით), ხოლო იმპორტი $14.9 მლრდ-ს (გაიზარდა 9.3%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, $9.15 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.4% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ყირგიზეთი ($1.23 მლრდ)
- ყაზახეთი ($743.8 მლნ)
- რუსეთი ($608.3 მლნ)
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
- აშშ ($2.27 მლრდ)
- თურქეთი ($2.26 მლრდ)
- ჩინეთი ($1.62 მლრდ)
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი ($2.53 მლრდ)
- აშშ ($2.34 მლრდ)
- რუსეთი ($2.14 მლრდ)
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $2.28 მლრდ-ით, რაც მთელი ექსპორტის 39.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $291.6 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5%), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები $230.1 მლნ-ით (3.9%).
ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $3.15 მლრდ და მთელი იმპორტის 21% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1 მლრდ-ით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები $559.9 მლნ-ით (იმპორტის 3.7%).