თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $5.8 მლრდ შეადგინა, რაც 6.8%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და $2.64 მლრდ-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • რუსეთი ($569.4 მლნ)
  • თურქეთი ($241 მლნ)
  • ჩინეთი ($224.9 მლნ) 

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $291.6 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, $217.4 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები $191.6 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3%).