თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას პროცესების სათანადოდ მართვისთვის საკმარისი რესურსი და სუვერენიტეტი არ აქვს.

„გერმანიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ანუ ეკონომიკის შემცირება. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება მოსახლეობის განწყობაზე. ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის“, – განაცხადა კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან.

პრემიერის შეფასებით, გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის ამომრჩევლის განწყობაზეც აისახება და ამის ერთ-ერთი გამოვლინება საქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებული არჩევნებია.

„ამის გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტში, საქსენ-ანჰალტის მიწაზე“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ გერმანელი ხალხის არჩევანში ჩარევას არ აპირებს.

რა აჩვენებს ეკონომიკური სტატისტიკა

კობახიძის განცხადების ნაწილი გერმანიის ეკონომიკის ბოლო წლების დინამიკას ეხება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გერმანიის რეალური მშპ 2023 წელს 0.9%-ით, 2024 წელს კი 0.5%-ით შემცირდა. 2025 წელს კი ეკონომიკამ 0.2%-იანი ზრდა აჩვენა. შესაბამისად, ბოლო სამი წლის სრული პერიოდის „რეცესიად“ შეფასება ზუსტი არ არის, თუმცა გერმანიის ეკონომიკა 2023-2024 წლებში ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შემცირდა.

ეკონომიკური სირთულეების ფონზე გერმანიის მთავრობა ზრდის სტიმულირებას ცდილობს. კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 2027 წლისთვის მინიმუმ 1%-იანი ეკონომიკური ზრდის მიზანი დაასახელა, მაშინ როდესაც ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე პროგნოზი 2026 წლისთვის 0.5%-იან ზრდას ითვალისწინებს.

საქსენ-ანჰალტის არჩევნები და AfD-ის გამარჯვება

კობახიძემ საქსენ-ანჰალტის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებად შეაფასა შედეგი, თუმცა არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია AfD – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ჩვეულებრივი ოპოზიციური ძალა არ არის.

6 სექტემბრის არჩევნებში AfD-მ დაახლოებით 44% მიიღო და რეგიონულ არჩევნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის უკიდურესი მემარჯვენე პარტიისთვის უპრეცედენტო შედეგს მიაღწია. მმართველმა CDU-მ დაახლოებით 17% მიიღო. AfD-ს, მიუხედავად გამარჯვებისა, აბსოლუტური უმრავლესობა არ აქვს და მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციური პარტნიორების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.

კობახიძემ გერმანიის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ „დანარჩენზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ“ და საქართველო გერმანელი ხალხის არჩევანში ჩარევას არ აპირებს.