თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც საზოგადოებას პროცესის შინაარსის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ამასთან, მთავრობის მეთაური შვიდი ქართული კომპანიის რუსეთის ე.წ. სანქციების სიაში შეყვანის საფუძვლებს „სრულ აბსურდს“ უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს მოლოდინი ამ კომპანიების სიიდან სრულად ამოღება იყო.

მთავრობის მეთაურმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან ხუთშაბათს გააკეთა. მან გაიზიარა რუსეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასება და დეტალურად ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის მიერ დასახელებულ არგუმენტებზე.

კობახიძე: რუსეთთან მოლაპარაკებები გამჭვირვალე უნდა იყოს

მთავრობის მეთაური იზიარებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა, ქართულ კომპანიებთან დაკავშირებით სამი პრეტენზია დაასახელა: ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და ანტირუსულ პროპაგანდაში მონაწილეობა.

„პირველ რიგში, მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა არის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც.

რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. რეალურად, ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა. ეს იყო ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ ეს კომპანიები, აბსურდია ის, რომ უკრაინის სასარგებლოდ ომის რაიმე დაფინანსებაში არიან ზოგადად ეს კომპანიები ჩართული, რა შუაშია საერთოდ ქართულ კომპანიებთან ეს ყველაფერი და ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს.

შესაბამისად, არის სრულიად აბსურდული ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო, ძალიან მარტივად, ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. ამ შეფასებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლება

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატი, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავდა, 2012 წლის ბოლოს შეიქმნა და აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელით იყო ცნობილი. შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა. ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რუსეთის მხრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავდნენ.

ფორმატში ახალი ეტაპი 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საკუთარ სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. ეს თანამდებობა 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო.

დანიშვნის შემდეგ, 19 ნოემბერს, ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შეხვდა. ეს იყო პირველი შეხვედრა განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ფორმატში შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის მიერ შვიდი ქართული ღვინის კომპანიის მიმართ შეზღუდვები 2026 წლის 9 ოქტომბერს დაწესდა. ზურაბაშვილის განცხადებით, მინსკში შეხვედრისას გალუზინმა შეზღუდვების მიზეზებად სწორედ ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და ანტირუსული ნარატივის გავრცელება დაასახელა. ზურაბაშვილის თქმით, რუსეთის წარმომადგენელმა დამატებით ორი ქართული კომპანიის შესაძლო შეზღუდვის საკითხიც წამოჭრა.