ისინი სუპერინტელექტის განვითარებისთვის საჭირო გამოთვლით სიმძლავრეებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება

თბილისი (GBC) – აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) კომპანია SpaceX-ს ორბიტაზე ერთი მილიონი თანამგზავრისგან შემდგარი ქსელის განთავსების ნებართვა მისცა. თანამგზავრები ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოთვლითი ცენტრების ფუნქციას შეასრულებენ.

„კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ აშშ-ის ისტორიაში პირველად გასცა ნებართვა კოსმოსში მონაცემთა დამუშავების ცენტრების ქსელის შექმნაზე. ამერიკაში სუპერინტელექტის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე FCC-მ SpaceX-ს უფლება მისცა, ორბიტაზე ერთი მილიონი გამოთვლითი მოდული განათავსოს, რომლებიც დედამიწაზე გამოსაყენებლად მონაცემთა უზარმაზარ მოცულობას დაამუშავებენ“, – ნათქვამია FCC-ის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, თანამგზავრული ქსელის შექმნის მიზანია სუპერინტელექტისთვის საჭირო გამოთვლით სიმძლავრეებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დახმარება.

FCC-ის დოკუმენტების თანახმად, SpaceX-მა თანამგზავრების განთავსება არაუგვიანეს 2033 წლის ნოემბრისა უნდა დაიწყოს. 2035 წლის ნოემბრისთვის ორბიტაზე 100 000 თანამგზავრი უნდა იყოს განთავსებული, ხოლო 2038 წლის ნოემბრისთვის — სულ მცირე ნახევარი მილიონი.

Starmind – გამოთვლითი ცენტრები კოსმოსში

პროექტის ფარგლებში, რომელსაც Starmind ეწოდება, მილიარდერ ილონ მასკის კომპანია გამოთვლითი პროცესების ნაწილის კოსმოსში გადატანას გეგმავს. იქ მოდულებს მზის ენერგიის მიღება თითქმის უწყვეტად შეეძლებათ, გაგრილებისთვის კი კოსმოსის დაბალი ტემპერატურა იქნება გამოყენებული.

მოდულების განთავსება დედამიწიდან 500-დან 2 000 კილომეტრამდე სიმაღლეზე იგეგმება. ერთმანეთთან მონაცემების გასაცვლელად ისინი ლაზერულ კავშირს გამოიყენებენ. ამასთან, მოდულებს Starlink-ის ინტერნეტთანამგზავრების სისტემასთან დაკავშირებაც შეეძლებათ, რომლის მეშვეობითაც მონაცემებს დედამიწაზე გადმოსცემენ.

პროექტის მოწინააღმდეგეები ორბიტაზე გადატვირთვის რისკებზე საუბრობენ

პროექტის განხორციელებას უკვე ეწინააღმდეგებიან რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანიის, მათ შორის Amazon-ისა და Viasat-ის წარმომადგენლები, ასევე ამერიკის ასტრონომიული საზოგადოება (AAS).

ექსპერტების შეფასებით, დამატებითმა მილიონმა თანამგზავრმა შესაძლოა ორბიტაზე არსებული ვითარება მნიშვნელოვნად გაართულოს.

ამჟამად დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 17 000 თანამგზავრია განთავსებული, რომელთაგან 11 000-ზე მეტი SpaceX-ის კუთვნილ ინტერნეტთანამგზავრულ ქსელ Starlink-ში შედის.