თბილისი (GBC) – Nvidia-ში შექმნილმა მმართველობითმა კრიზისმა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ღია წონის (open-weight) ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების გარშემო მიმდინარე დაპირისპირება ყურადღების ცენტრში მოაქცია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია იმისა, რომ აშშ-მა განავითაროს ეს ტექნოლოგია, სადაც ამჟამად ჩინური კომპანიები დომინირებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ორშაბათს Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ ჰუანგის CEO-ს პოსტზე აღდგენის შესახებ განაცხადა. მანამდე ის თანამდებობიდან გადადგა ქორწინების გარეშე ურთიერთობების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, მათ შორის ქალთან, რომელიც, მედიის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი. სკანდალამდე ჰუანგი აშშ-ის კონგრესსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, მხარი დაეჭირათ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც ღია წონის AI მოდელებს ქმნიან. აღნიშნული პოლიტიკა Nvidia-ს კომერციულ ინტერესებს ემთხვევა, თუმცა ამ მოდელების ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენის შესახებ მწვავე დებატები მიმდინარეობს.
თეთრი სახლის პოზიცია და ტრამპის ჩარევა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ღია წონის AI სისტემებს, რადგან ისინი სტარტაპებს საიმედო და უფრო იაფ ალტერნატივას სთავაზობენ ისეთი კომპანიების დახურული AI ინსტრუმენტების ნაცვლად, როგორებიცაა OpenAI და Anthropic.
„ტრამპის ადმინისტრაციის მკაფიო და ხანგრძლივი პოლიტიკაა ღია წონის AI მოდელების ძლიერი მხარდაჭერა“, - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამშაბათს. საკითხთან დაახლოებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პირადად ჩაერივნენ Nvidia-ს საბჭოს გადაწყვეტილებაში ჰუანგის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ამერიკული ღია წონის AI მოდელების დამცველად მიიჩნევენ. თეთრ სახლს ჰუანგის მხარდაჭერასა და ღია წონის მოდელებს შორის კავშირზე კომენტარი არ გაუკეთებია.
განხეთქილება AI სექტორში: Nvidia დაჰარდვეარის მოთხოვნა დახურული მოდელების წინააღმდეგ
დახურული მოდელებისგან განსხვავებით, ღია წონის AI მოდელების ძირითადი კომპონენტები საჯაროდ ხელმისაწვდომია, რაც მომხმარებლებს მათი ჩამოტვირთვის, მოდიფიცირებისა და კონკრეტულ ამოცანებზე მორგების საშუალებას აძლევს. მსგავსი მოდელები აფართოებს მოთხოვნას Nvidia-ს ჩიპებსა და გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე, რაც ჰუანგის კომპანიისთვის დამატებით ბიზნეს-შესაძლებლობას ქმნის.
ამის საპირისპიროდ, დახურული მოდელების შემქმნელი კომპანიების - Anthropic-ისა და OpenAI-ის ხელმძღვანელები ღია წონის მოდელების მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავენ, რამაც სექტორში განხეთქილება გამოიწვია. აღნიშნული კომპანიები შემოსავალს სწორედ საკუთარ სისტემებზე წვდომის გაყიდვით იღებენ.
- Y Combinator-ის პოზიცია: სილიკონის ველის სტარტაპ-ინკუბატორის წარმომადგენლის, ლუთერ ლოუს თქმით, ჰუანგისა და Nvidia-ს წინააღმდეგ ნებისმიერი პოლიტიკური წინააღმდეგობა შესაძლოა ღია წონის მოდელების შეზღუდვის მომასწავებელი გახდეს, რაც დააზარალებს მცირე ტექნოლოგიურ კომპანიებს.
- Anthropic-ის არგუმენტები: მიმდინარე წლის დასაწყისში ჰუანგმა აშშ-ის მთავრობას მოუწოდა, თავი აერიდებინა ღია წონის ინსტრუმენტების „ნაადრევი შეზღუდვისთვის“. წერილს ხელი მოაწერეს Andreessen Horowitz-მა, Microsoft-მა და Palantir-მა, თუმცა Anthropic-მა ხელმოწერაზე უარი თქვა. Anthropic-ის CEO დარიო ამოდეი აცხადებს, რომ მზარდი შესაძლებლობების მქონე ღია წონის მოდელებმა შესაძლოა უსაფრთხოების რისკები შექმნას, მათ შორის, დაეხმაროს მომხმარებლებს საჯარო ინფორმაციის გამოყენებით ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და ინფექციური დაავადებების გავრცელებაში.
კონკურენცია ჩინეთთან და მოსალოდნელი რეგულაციები
ვაშინგტონში მიმდინარე დებატების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ჩინეთთან კონკურენციაა. ჩინურმა მოდელებმა, როგორებიცაა DeepSeek და Alibaba-ს პროდუქტები, ამერიკელი ბიზნეს-მომხმარებლების ნაწილი უკვე მიიზიდა, რადგან ისინი ხშირად უფრო იაფია, ვიდრე OpenAI-ისა და Anthropic-ის სისტემები, ხოლო მრავალ ამოცანას ანალოგიური ხარისხით ასრულებენ.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ზაფხულში წამყვან დეველოპერებს აცნობა, რომ ღია წონის მოდელებს მთავრობის ნებაყოფლობით უსაფრთხოების ტესტებს არ დაუქვემდებარებს, რაც Nvidia-სთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. პარალელურად, ადმინისტრაცია განიხილავს მოთხოვნის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ამერიკულ კომპანიებს ჩინური AI მოდელების გამოყენების საჯაროდ გამჟღავნება დაევალებათ.
გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატის ორმა რესპუბლიკელმა კომიტეტის თავმჯდომარემ, ენდრიუ გარბარინომ და ჯონ მულენარმა - ადმინისტრაციას მოუწოდეს, აუკრძალოს აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და კონტრაქტორებს ჩინური ღია წონის AI მოდელების გამოყენება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს გამოთვლით რესურსებზე მეტი წვდომა მისცეს.
