ჩვენ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, ეს არის კარგი დღე ბრიტანეთისთვის და ეს არის კარგი დღე ევროპისთვის

– ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბარნემმა ევროკავშირის და ბრიტანეთის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება დაეხმარება  ადამიანებს.

„ბოლო ათწლეული ბევრისთვის იყო რთული, მაგრამ ყველაზე რთული ბრიტანელი და ევროპელი ახალგაზრდებისთვის. „ბრექსითმა“ ახალგაზრდებს შესაძლებლობები წაართვა, შეზღუდა მათი ჰორიზონტები. ამას მოჰყვა კოვიდ-19 და უფრო მასშტაბური გავლენა“, – აღნიშნა ენდი ბარნემმა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს 0.5%-ით  გაზრდის, რაც ბრიტანეთის ეკონომიკისთვის 17 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სტიმული იქნება. 

როგორც იცით, ევროკავშირი - ბრიტანეთის შეთანხმება რამდენიმე პუნქტს მოიცავს. აუქმებს ბრიტანული სურსათის ექსპორტზე კონტროლის უმეტეს ნაწილს. სანაცვლოდ კი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ზოგიერთ რეგულაციას დაიცავს.

ასევე, „ახალგაზრდული გამოცდილების სქემა“ ევროკავშირიდან 100 000-მდე ახალგაზრდას საშუალებას მისცემს, სამ წლამდე იმოგზაუროს, იმუშაოს და ისწავლოს დიდ ბრიტანეთში – ამდენივე ახალგაზრდა ბრიტანელს ევროპაში შესვლის უფლება ექნება. ორივე მხარეს სურს უზრუნველყოს, რომ სქემით გათვალისწინებული შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იყოს არაუგვიანეს 2030 წლის იანვრისა.

იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი ასევე ელოდებიან, რომ მათი სამართალდამცავი უწყებები ერთმანეთს უფრო მეტ მონაცემს გაუზიარებენ.