თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება პარასკევს გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურის განმარტებით, მიგრაციის საკითხით საზოგადოების დაინტერესება მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია ციფრებით მანიპულირების აღკვეთა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემებით, საქართველოში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც უცხოელების წილი, არალეგალი მიგრანტების ჩათვლით, მაქსიმუმ 257 ათასს, ანუ მოსახლეობის 6.6%-ს შეადგენს.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების 70% პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეები არიან, ხოლო რეგიონის ისეთი ქვეყნების ჯამური წილი, როგორიცაა თურქეთი და ირანი, საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ 0.7%-ია. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 1-ლი მარტიდან დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოელების შრომითი საქმიანობა საქართველოში მნიშვნელოვნად იზღუდება. მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკისა და ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება, რაზეც მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. მან განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნიდან იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გაძევდა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. კობახიძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში 20 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი იმყოფება და დასახულია მიზანი, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო მათგან სრულად გათავისუფლდეს. პრემიერმა ასევე შეახსენა საზოგადოებას 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აკრძალა, რაც მისი თქმით, ეროვნული ინტერესების დაცვის კიდევ ერთი დასტურია.