თბილისი (GBC) - თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით მზადყოფნა დაუდასტურა.

"ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ეკონომიკური თანამშრომლობაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული არსებული - დიდი - პოტენციალი. თქვენი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ საკითხს და ეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზეც აისახება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას.

"ჩვენ ძალიან. ვაფასებთ საქართველოს და მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ, მრავალი მიმართულებით. საქართველო დიდი პერსპექტივების მქონე პარტნიორია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. სწორედ ეს მიმართულება არის გამწევი ძალა დღევანდელ პერიოდში და დიდია მისი გავლენა სხვა სექტორებზე. 

ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდება სამომავლოდ და ამისთვის გაძლიერდება კომუნიკავცია. ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე - ეკონომიკურ განზომილებას", - აღნიშნა ყასიმ–ჟომართ თოყაევმა.

2025 წელს ირაკლი კობახიძე თურქმენეთს ოფიციალური ვიზიტით მესამედ ეწვია.

საქსტატის მიხედვით, თურქმენეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, 35-ე ადგილზეა. 2025 წლის 10 თვეში, თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვამ $77.8 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან ($67.9 მლნ) შედარებით, 14.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.