თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს: "ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება".

„250 დღის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ აპროტესტებს. ისინი ამ რეჟიმის მიერ მათი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანის ტერორისტული რეჟიმისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის სრულად მიყიდვის დასრულებას მოითხოვენ. ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება!“, - წერს ჯო უილსონი.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით, 2028 წლის ბოლომდე ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი.

მას შემდეგ, 250 დღეზე მეტი გავიდა. პროტესტი თბილისის ქუჩებში და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში ჯერ ისევ არ წყდება. 

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოითხოვენ.