თბილისი (GBC) - გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველა ოფიციალური კავშირის შეჩერებას გეგმავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Saarbruecken Zeitung ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისის მიერ მომზადებულ შესაბამის რეზოლუციას ზაარბრიუკენის საქალაქო საბჭოზე დღეს გაიტანენ. მერია საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, შემდგომ შეტყობინებამდე შეაჩეროს ნებისმიერი სახის ოფიციალური კონტაქტი თბილისის მერიასთან, თუმცა შეთანხმება ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირებისა და ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებას.

მუნიციპალიტეტის დოკუმენტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და დემოკრატიული უკუსვლაა დასახელებული. გერმანული მხარის შეფასებით, ქვეყანაში სერიოზულად იზღუდება შეკრების, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება.

„ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსური მხარდაჭერით მუშაობენ, აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ, ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს, დემონსტრაციებს სასტიკად ახშობენ, ოპოზიციის სულ უფრო მეტი წევრის დაპატიმრება ხდება... ქვეყანა ერთპარტიული სახელმწიფოს, პოლიციური სახელმწიფოსა და დიქტატურისკენ მიექანება“, - ნათქვამია მერიის შეფასებაში.

გერმანული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე, პარალელურად, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანია, რის გამოც ზაარბრიუკენის მერია მას მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. დოკუმენტის თანახმად, სწორედ ამ მიზეზით გაუქმდა გასულ წელს პარტნიორობის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია და კახა კალაძის მოწვევა, რის შემდეგაც მხარეებს შორის ოფიციალური კომუნიკაცია აღარ შემდგარა.

Saarbruecken Zeitung-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მერის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას საქალაქო საბჭოს ფართო უმრავლესობა დაუჭერს მხარს.