თბილისი (GBC) - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, ორშაბათის სასამართლო სხდომაზე დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ჯაფარიძე. მოსამართლემ გასული სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა, ის პროცესზე არ გამოცხადებულა.

ზურა ჯაფარიძე პირველი პოლიტიკოსია, რომლის მიმართაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე განაჩენი დადგა.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

23 ივნისს ასევე გაიმართება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესიც, რომელიც ასევე დასკვნით ეტაპზეა. 

სასამართლო ასევე განიხილავს ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გივი თარგამაძის საქმეებს.