თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე დანაღმული სატვირთო მანქანა საქართველოს, კერძოდ კი ყაზბეგის საბაჟო–გამშვები პუნქტის გავლით მოხვდა. მათივე მტკიცებით, სატვირთო უკრაინაში დანაღმეს და შემდეგ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გავლით მოხვდა რუსეთში. ФСБ აცხადებს, რომ კერძო პირს, რომელმაც სატვირთო რუსეთში შეიყვანა, კრასნოდარის ოლქში სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცა, ყირიმში გადასატანად. ეს უკანასკნელი, რუსეთის სპეცსამსახურის მტკიცებით, უნებლიე თვითმკვლელი ტერორისტი გახდებოდა ყირიმის ხიდზე, რომლის აფეთქებასაც ამ მანქანით გეგმავდა უკრაინა. 

ФСБ–ს ცნობით, 2025 წელს ეს უკვე მეორე მცდელობაა უკრაინელების, ყირიმის ხიდი დანაღმული სატვირთო მანქანით ააფეთქონ. რუსების მტკიცებით, პირველი ასეთი შემთხვევა წელს, 2 აპრილს, ბელარუს–პოლონეთის საზღვარზე იყო, სადაც რუსეთის მოკავშირე ქვეყანამ ბრესტის სასაზღვრო პუნქტზე სინთეტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებით დანაღმული მიკროავტობუსი დააკავეს.

ФСБ–ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ორგანიზატორი, თანამონაწილე უმკაცრესად დაისჯება. 

უკრაინელებმა ყირიმის ხიდი 2022 წლის შემოდგომაზე ზემოთ მოცემული სცენარის ანალოგიურად ააფეთქეს, რითაც ანექსირებული ყირიმისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას სერიოზული დაზიანება მიადგა. რუსები მაშინაც ირწმუნებოდნენ, რომ დანაღმული სატვირთო საქართველოს გავლით შევიდა რუსეთში. მაშინ საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან შემხებლობა არ აქვს.

„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არა ტრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს. მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - აცხადებდა ალექსანდრე დარახველიძე.

ამის შემდეგ, 2025 წლის ივნისის დასაწყისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იუწყებოდა, რომ სპეცოპერაციით ზიანი მიაყენა ქერჩის ხიდს, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს. SBU-ს ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ამ დროის მანძილზე 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დანაღმეს ხიდის საყრდენები. უკრაინის მხარის თანახმად, აფეთქებას მშვიდობიანი მოსახლეობიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია.