თბილისი (GBC) – რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქებში სუჯაში, კორენოვოსა და პსელში რკინიგზის სადგურები მგზავრებს აღარ იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის რკინიგზა ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ–არხები ირწმუნებიან, რომ რუსეთმა უკვე სამი ქალაქი დაკარგა.
მანამდე, ხუთშაბათს დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიამ კიდევ ორი დასახლება დაიკავა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები კორენოვოსთან აწარმოებს საბრძოლო ოპერაციას. მოწინააღმდეგემ დაიკავა დასახლებული პუნქტები კაზაჩია ლოკნია და კრუგლენკოე. უკრაინელი და რუსი მებრძოლები სანგრებს თხრიან, რაც კურსკის ოლქში ომის გრძელვადიან ხასიათზე მიანიშნებს“, – წერენ რუსი სამხედრო კორესპონდენტები.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ უკრაინის ჯარები მექანიზებული თავდასხმითი ოპერაციის ფარგლებში 10 კმ–ით დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქში.
ამასობაში, რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ ისღა დარჩენიათ, რუსეთისთვის ილოცონ. სიმონიანი აცხადებს, რომ კურსკის მოსახლეობისთვის „ლოცულობს“, ხოლო, მისივე თქმით, „არაადამიანებს ღმერთი გაუსწორდება“.