თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56%) და ქუთაისში (55%), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49%), ხარაგაულის (49%) და საგარეჯოს (49%) მუნიციპალიტეტებში.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 000 ადამიანი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 000 (38%) - სოფლად.

რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში.

2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.