თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ხორბლის წარმოებამ 146.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 26.9 პროცენტით შემცირდა და 43.0 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 24.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 0.4 პროცენტით გაიზარდა და 199.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.2 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების წარმოება 2016- 2023 წლებში.
2023 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხორბლის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.6 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.2 ტონა/ ჰა, სიმინდის - 2.6 ტონა/ჰა, კარტოფილის - 12.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 14.2 ტონა/ჰა, კიტრის 12.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.9 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 25.8 ტონა ერთ ჰექტარზე.