თბილისი (GBC) - საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 54 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 43 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 - თოჯინების, 2 - ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 - ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი. თეატრების უმრავლესობა (53.7%) ფუნქციონირებდა თბილისში, 14.8% - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 31.5% სხვა რეგიონებში.
2024 წელს ქვეყანაში 4 800 ღონისძიება ჩატარდა, აქედან 177 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 136 ერთეული შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 3.5%-ით შემცირდა და 4 518 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების დაახლოებით ორი მესამედი (69.4%) თბილისში ჩატარდა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, 2023-2024 წლებში.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 17.6%-ით შემცირდა და 636.1 ათასი შეადგინა. მაყურებელთა ორი მესამედი (66.2%-ით) თბილისზე მოდის, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმერეთია (10.3%-ით).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მაყურებელთა რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით, 2023-2024 წლებში.
2024 წელს საქართველოში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 104 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 74 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 45 - სხვა სახის მუზეუმს.
2024 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა თბილისში (22.6%). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.3%) და კახეთის (14.2%) რეგიონებია.
2024 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 7.8%-ით შემცირდა და 1.9 მლნ. კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.3 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დამთვალიერებელთა რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით, 2023-2024 წლებში.
2024 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 3%-ით შემცირდა და 45 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 2.5%-ით გაიზარდა და 939 ერთეული იყო.