თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 764 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 600.5 ათასი შეადგინა, რაც 6.7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
4Q25-ში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 405.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა (46.9%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.1% შეადგინა.
4Q25-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (36.9%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 236.2 ათასი და 90.3 ათასი ვიზიტი.
4Q25-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 4Q24-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.3 ღამე) 6%-ით ნაკლებია. ვიზიტების 97.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾636.4 მლნ-ს გაუტოლდა, რაც 17.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 4Q24-თან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა და 1 059.8 ლარი შეადგინა.