თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Le Pont Caucasien მხარდაჭერით, მონაკოში, გასტრონომიის და ღვინის ფესტივალზე Salon Monte Carlo Gastronomie ქართული ღვინო წარადგინეს.
ოთხდღიანი ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოებს. ფესტივალზე ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის Le Pont Caucasien ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარადგინა.
რიგით 28-ე ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.
Salon Monte Carlo Gastronomie ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთშიც.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 119 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 80%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.