თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში გამართულ ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 46-ე მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემაც იყო „ვაზისა და ღვინის მომავლისკენ მიმავალი გზა: მდგრადობა, ღირებულების გაზრდა, ინოვაციების გაძლიერება“.
„კონგრესის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გავმართეთ OIV-ის ხელმძღვანელობასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, 2027 წელს გახდეს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, რაც დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშნულ საკითხზე OIV-ის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს, 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს, OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას. საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა, ამასთან ერთად, მეღვინეობის თანამედროვე განვითარებული ინდუსტრიით. ჩვენს ქვეყანას მჭიდრო კავშირი აქვს ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოების, ცნობადობის ზრდის და რეალიზაციისთვის“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში ღვინის წარმოების და მეღვინეობის პრაქტიკის, მევენახეობის, კვების მრეწველობისთვის ყურძნის გადამუშავების შესახებ რეკომენდაციების ფორმულირებას და სხვა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების დახმარებას. ღვინის დარგში საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და დაცვას.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური მდივანი ჯონ ბარკერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა.