თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალთან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
სებ–ის პრეს–ცენტრის ცნობით, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) მმართველი კომიტეტის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელსაც თავმჯდომარე ქვეყნის რანგში წელს საქართველო მასპინძლობს.
როგორც სუბირ ლალმა აღნიშნა, ეს მეტად მნიშვნელოვანი ყოველწლიური შეხვედრაა და მოხარულია, რომ წელს სწორედ საქართველოა CCAMTAC-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მისივე თქმით, CCAMTAC სსფ-ისთვის კავკასიის, ცენტრალური აზიის და მონღოლეთის რეგიონთან ჩართულობის მნიშვნელოვანი საყრდენია.
ნათია თურნავას თქმით, სები მიესალმება ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას და რეგიონში პროფესიონალების წახალისებას. ამ მიზნით შექმნილი ცენტრალიზებული პლატფორმა - საგანმანათლებლო სივრცის პროექტიც ამის ნათელი დადასტურებაა.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს ცენტრის საქმიანობა და მომავალი წლის სამუშაო პროგრამა განიხილეს.
CCAMTAC სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი - ერთობლივი პროექტია, რომლის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაზეა მიმართული.