თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.9 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.5%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.

2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 

ვიზიტების უმრავლესობა, 47%, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.4% შეადგინა.

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 36.1%, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836.0 და 367.3 ათასი ვიზიტი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.97 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.98 ღამე) 0.1%-ით ნაკლებია. ვიზიტების 98.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 1 068.6 ლარი შეადგინა.