თბილისი (GBC) – Apple-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ჯონ ტერნუსმა 2027 ფინანსურ წელს შესაძლოა $58 მილიონამდე ანაზღაურება მიიღოს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

აღნიშნული თანხიდან $3 მილიონი მისი ხელფასი იქნება, ხოლო კიდევ $55 მილიონი – კომპანიის აქციების პაკეტის სავარაუდო ღირებულება, რომელიც ახალ ხელმძღვანელს გადაეცემა.

ტერნუსი Apple-ის გენერალურ დირექტორობას 1 სექტემბერს შეუდგა. მანამდე ის კომპანიის აპარატურის განვითარების მიმართულების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო და Apple-ის უმნიშვნელოვანესი პროდუქტების, მათ შორის iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის შექმნაში მონაწილეობდა.

Apple-ის ხელმძღვანელის პოსტზე ტერნუსმა ტიმ კუკი შეცვალა, რომელიც კომპანიას 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კუკი Apple-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას. მისი ანაზღაურება დაახლოებით $47 მილიონი იქნება, საიდანაც $2 მილიონი ხელფასზე, დაახლოებით $45 მილიონი კი კომპანიის აქციებზე მოდის.