თბილისი (GBC) – თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება მას შემდეგ, რაც მარტის მუნიციპალურ არჩევნებში მარცხი განიცადა. ამის შესახებ გაზეთი Ekonomim წყაროებზე დაყრდნობით წერს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა 31 მარტის არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ამ შედეგებიდან მმართველი პარტია დასკვნებს გამოიტანს. ამ არჩევნებზე თურქეთის სახალხო–დემოკრატიულმა პარტიამ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მოუგო მმართველ პარტიას. შედეგად, უმსხვილესი ქალაქების – ანკარის, სტამბოლის და იზმირის მერებმა თანამდებობები შეინარჩუნეს. ექსპერტები მმართველი გუნდის ამ წარუმატებლობას ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ.
გაზეთი წერს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მარცხი სიგნალი იყო მმართველი გუნდისთვის, რომ საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები გარდაუვალია როგორც პარტიის შიგნით, ისე მთავრობის შემადგენლობასა და პოლიტიკაშიც. გაზეთის ცნობით, დადის ხმები, რომ პროვინციებისა და ოლქების შემდეგ საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტშიც განხორციელდება. არსებობს მოსაზრება, რომ პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები შემოდგომაზე დაგეგმილი ყრილობის შემდეგ მოხდება.