თბილისი (GBC) - სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ევროპის საბანკო ორგანოს (EBA) ახალი ხელმძღვანელი, ფრანსუა-ლუი მიშო აცხადებს, რომ ევროპული ბანკები საკმარისად მდგრადები არიან ფინანსური და გეოპოლიტიკური შოკების მიმართ. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექტორი მზად უნდა იყოს მომავალი გამოწვევებისთვის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მხრიდან მომდინარე კიბერ საფრთხეებისთვის.
ბანკების გამძლეობა განსაკუთრებული დაკვირვების საგანი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა ფინანსური ბაზრები შეარყია. გასულ თვეში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) გააფრთხილა ბაზრის მონაწილეები, რომ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ გეოპოლიტიკური რისკებიდან მომავალ ნეგატიური გავლენას, რაც ცენტრალური ბანკებისთვის ნომერ პირველ საფიქრალად იქცა. ECB-მ წელს პრიორიტეტად სწორედ გეოპოლიტიკური მედეგობის გაძლიერება დაისახა და უმსხვილეს ბანკებს „სტრეს-ტესტებს“ ჩაუტარებს.
მიშომ, რომელმაც ევროპის საბანკო ზედამხედველობის სადავეები ხუთშაბათს გადაიბარა, პრესბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები აქვთ გეოპოლიტიკურ რისკებთან გასამკლავებლად.
„ჩვენ ვიცით, რომ მომავალი გამოწვევები აღარ დაემსგავსება იმას, რაც წარსულში გამოგვივლია, ამიტომ მზადყოფნაა საჭირო“, - დასძინა მან.
Reuters-ის ცნობით, რეგულატორებისთვის მზარდი შეშფოთების საგანია კიბერუსაფრთხოება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის, Anthropic-ის Mythos-ის გამოჩენის ფონზე. ექსპერტების ვარაუდით, მას კომპლექსური კიბერშეტევების განხორციელება და საბანკო ინდუსტრიის პარალიზება შეუძლია. გასულ კვირას აშშ-ის ხელისუფლებამ ამ საკითხზე ბანკების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, ევროპის ცენტრალური ბანკი კი აპირებს ბანკებისგან ამ საფრთხის მიმართ მზადყოფნის ანგარიში მოითხოვოს.
„რისკების მართვის ყოველ სხდომაზე ჩვენ დეტალურად განვიხილავთ კიბერსაფრთხეებს. ეს საკითხი ჩვენი ყურადღების ეპიცენტრშია“, - აღნიშნა მიშომ.
ევროკავშირი ამჟამად აქტიურად ცდილობს შეამციროს ფინანსური სექტორის დამოკიდებულება ტექნოლოგიების გარე პროვაიდერებზე, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური კრიზისები.
რაც შეეხება კერძო დაკრედიტებას, მიშოს განმარტებით, ის ამ ეტაპზე ევროპული ბანკებისთვის სისტემურ საფრთხეს არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გაუმჭვირვალე სექტორში არსებულმა დაბალმა სტანდარტებმა ბოლო თვეებში ბაზრები ააფორიაქა.