თბილისი (GBC) – კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის ხუთშაბათს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის რეინტეგრაციის მიზნით სპეციალური ფონდის შექმნაზე გაიმართება მოლაპარაკებები. ფონდი, შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდეს. ამის შესახებ მოლდავური მედია წერს.

მოლდოვა ამ ფონდისთვის ფინანსების ევროკავშირიდან მოზიდვას გეგმავს. ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი ევროა საჭირო.

ამასთან, კიშინიოვში უკიდურესად იმედგაცრუებული არიან ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის განცხადებების გამო, რომ გაერთიანება უახლოეს წლებში არ აპირებს გაფართოებას უკრაინისა და მოლდოვის ხარჯზე.

ახლა კიშინიოვში „არარეალურად“ მიაჩნიათ ევროკავშირში 2028–2030 წლებში გაწევრიანება. ექსპერტების აზრით, ახლა მოლდოვამ შესაძლოა აქტუალური გახადოს რუმინეთთან გაერთიანების საკითხი, რათა ამ გზით შეაღწიოს ევროკავშირში. ამ იდეას დნესტრისპირეთი და გაგაუზია უარყოფენ. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოლდოვის მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს რუმინეთთან გაერთიანება.

მანამდე მოლდოვამ დსთ–დან გასვლის პროცედურები დაიწყო და ქვეყანა თანამეგობრობას 2027 წელს ოფიციალურად დატოვებს.