თბილისი (GBC) - სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ილონ მასკის გუნდმა ჩიპების ინდუსტრიის მიმწოდებლებთან კავშირი დაამყარა. პროექტი Terafab, რომელიც SpaceX-ისა და Tesla-ს ბაზაზე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების კომპლექსის შექმნას გულისხმობს, მასკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური წამოწყებაა.

გამოცემის ცნობით, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობა, მასკის გუნდმა უკვე მიმართა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Applied Materials, Tokyo Electron და Lam Research. ასევე, მხარდაჭერისთვის მიმართეს ჩიპების წარმოების სფეროში მათ პარტნიორს - Samsung Electronics Co-ს.

Bloomberg-ის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მასკის გუნდი აქტიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩიპების წარმოებისთვის საჭირო სპეციფიკური აღჭურვილობის ღირებულებისა და მოწოდების ვადების შესახებ. 

პროექტის მიზანია, სილიკონის ფირფიტების წარმოება 2029 წლისთვის დაიწყოს, რის შემდეგაც დაგეგმილია სიმძლავრეების გაზრდა.

ანგარიშის მიხედვით, მასკის წარმომადგენლები ითხოვენ ფასების სწრაფ შეფასებას, თუმცა თავად პროდუქტების შესახებ მინიმალურ ინფორმაციას გასცემენ. როგორც ირკვევა, მასკს სურს, რომ პროცესები „სინათლის სიჩქარით“ წარიმართოს.

ილონ მასკმა Terafab-ის პროექტი მარტში დააანონსა. გასულ კვირას კი კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ შეუერთდება ამ პროექტს იმ პროცესორების დასამზადებლად, რომლებიც მილიარდერის რობოტექნიკისა და მონაცემთა ცენტრების ამბიციებს დააკმაყოფილებს.

პროექტი განხორციელდება ტეხასის შტატში, ოსტინში, ტრავისის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე Tesla-ს კამპუსში.