თბილისი (GBC) – ირანის სასამართლომ კონტრაფაქტული ალკოჰოლის წარმოებაში ბრალდებულებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომელსაც სააგენტო Fars ციტირებს.

„ალბორზის პროვინციაში ალკოჰოლის წარმოებისა და რეალიზაციის საქმეზე დაკავებულ 4 ბრალდებულს სიკვდილი მიესაჯა“, – განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა.

ივნისში ირანში 17 ადამიანი დაიღუპა და 191 დაბრმავდა კონტრაფაქტური ალკოჰოლით მოწამვლის გამო. ბრალდებულები სპირტს სამედიცინო პროდუქციის მომწოდებლებისგან ყიდულობდნენ და სხვა კომპონენტებთან შეზავების შემდეგ ყიდდნენ.

ირანში, ისლამური ნორმების შესაბამისად, „მშრალი კანონი“ მოქმედებს, რომელიც კრძალავს როგორც ალკოჰოლის წარმოებას, ისე მის რეალიზაციას და მოხმარებას. მოქალაქეებს ლეგალურად მხოლოდ ტექნიკური და სამედიცინო სპირტის შეძენა შეუძლიათ.