თბილისი (GBC) – ამერიკული გაზეთი The New York Times მოსკოვში ჩინეთის უმაღლესი ლიდერის სი ძინპინის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობას აანალიზებს. გამოცემა წერს, რომ ორშაბათს დაწყებული ვიზიტის ფარგლებში პუტინი და სი მჭიდრო კავშირების დემონსტრირებას ახდენენ და ცდილობენ, საერთოდ არ გაამახვილონ ყურადღება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ლიდერები ბევრ რამეზე თანხმდებიან, ერთმანეთის გულის მოსაგებად და კარგად დაგეგმილ ღონისძიებებზე მათი ერთობის დემონსტრირების მიზნით.

სი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლიდერია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან მოსკოვში ჩავიდა. იგი სამდღიანი ვიზიტით ეწვია კრემლს, როდესაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობს. ამ ვიზიტამდე ზუსტად სამი დღით ადრე კი ჰააგის სასამართლომ პუტინი სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადა და მისი დაკავების ორდერი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის აჩრდილი დასდევდა მოსკოვში გამართულ შეხვედრებს, ორი ქვეყნის ლიდერი ცდილობდა, რაც შეიძლება ცოტა საჯარო განცხადება გაეკეთებინათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ასეთი ერთობის დემონსტრირება დასავლეთს აღელვებს, რადგან შიშობენ, რომ ჩინეთი შეიძლება დიპლომატიის, ან ეკონომიკის ჩარჩოებს გასცდეს რუსეთის მხარდაჭერის კონტექსტში და მას უკრაინაში გამოსაყენებლად შეიარაღებაც შესთავაზოს. არსებობს საფრთხეც, რომ NATO-სა და აშშ–ის წინააღმდეგ ამ ორმა სახელმწიფომ მძლავრი ბლოკი შექმნან.

სტატიის ავტორის აზრით, მოლაპარაკებებზე მეგობრობის დემონსტრირების ფონზე მკაცრი გეოპოლიტიკაც შეინიშნებოდა. ჩინეთი და რუსეთი ისეთი გლობალური წესრიგის წინააღმდეგ გამოდიან, რომელშიც აშშ და მისი მოკავშირეები დომინირებენ. სწორედ ამან გადაწონა სის ნებისმიერი უკმაყოფილება უკრაინაში პუტინის ჯარების შეჭრასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლში სის ვიზიტი რუსეთის „დიპლომატიურ მფარველობას“ ემსახურება, რაც პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.